ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი

ისტორია

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით.

ის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია ევროპაში, მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და შიდა ქართლის მხარეების ტერიტორიაზე.

საქართველოში გარემოს დაცვის ახალი ეტაპი XIX საუკუნიდან დაიწყო, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა და რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. 1862 წელს ამიერკავკასიაში მეფისნაცვლად დაინიშნა მაშინდელი იმპერატორის ძმა მიხეილ რომანოვი. მას ძალიან მოეწონა ბორჯომის ხეობა და აქ საზაფხულო რეზიდენციის აშენება გადაწყვიტა. 1871 წელს რუსეთის ხელმწიფემ ალექსანდრე II-მ ძმას მთელი ბორჯომის ხეობა აჩუქა. მალე მიხეილ რომანოვმა ტყის დიდი ნაწილი შემოღობა და უნებართვოდ ხე-ტყის მოჭრა და ნადირობა აკრძალა. 1935 წელს დაარსდა ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი.

ას წელზე მეტი ხნის ისტორიის გავლის შემდეგ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაარსებით, კავკასიის რეგიონში პირველი ეროვნული პარკის დაარსებას ჩაეყარა საფუძველი. იგი შეიქმნა 1995 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და გერმანიის მთავრობის დახმარებით.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მოიცავს — ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალს (IUCN კატეგოტია I, დაარსდა 1935 წელს, ფართობი 14 820,6 ჰა), საკუთრივ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს (IUCN კატეგოტია II), ნეძვის აღკვეთილს (IUCN კატეგოტია IV, დაარსდა 1995 წელს, ფართობი 8992 ჰა), ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილს (IUCN კატეგოტია IV) და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს (IUCN კატეგოტია III).

ბიომრავალფეროვნება

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს კავკასიის ეკორეგიონის ცენტრალურ ნაწილში. გამორჩეული ბიომრავალფეროვნების და მოწყვლადობის გამო ეკორეგიონი შესულია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 35 უპირატესი ეკორეგიონის და საერთაშორისო კონსერვაციის 34 ცხელი წერტილის ნუსხაში. დაცული ტერიტორიები განლაგებულია ორი ასეთი ცხელი წერტილის (კავკასიისა და ანატოლიის) ზღვარზე. უფრო მეტიც, კავკასიის ეკორეგიონული კონსერვაციის გეგმის მიხედვით, დაცული ტერიტორიები მოიცავენ კავკასიის ეკორეგიონს 56 უპირატესი არეალიდან ერთ-ერთის (№27) მნიშვნელოვან ნაწილს.

ფლორა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მთავარი სიმდიდრე ტყეა (ტერიტორიის 75 %). აქ დაცულია კავკასიის შერეული ტყეების ხელუხლებელი მონაკვეთების დიდი ფართობები; გვხვდება უნიკალური, რელიქტური კოლხური ტყეების ფრაგმენტები. პარკის დაახლოებით მეოთხედი სუბალპურ და ალპურ მდელოებს, ასევე, დეკიანს (რელიქტური კავკასიური როდოდენდრონის არყებს) უჭირავს. ამასთან, აქ არის თავმოყრილი წმინდა ნაძვნარების (Picea) და ფიჭვნარების (Pinus) მასივები, რომლებიც ზღვის დონიდან 1400-1800 მ-ის ფარგლებშია გავრცელებული. ყველა ტყის შემქმნელი წიწვოვანი კავკასიის ენდემია: აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis), კავკასიური სოჭი (Abies nordmanianna) და კავკასიური ფიჭვი (Pinus kochiana). ფართოფოთლოვანებიდან ქვედა სარტყლებში ქართული მუხა (Quercus iberica) და რცხილა ჭარბობს (Carpinus caucasica), ზედა სარტყლებში – წიფელი (Fagus orientalis); ხშირია საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლი (Castanea sativa) და სხვ. ეს სახეობების სხვადასხვა სარტყლებსა და ჰაბიტატებში მრავალგვარ კომბინაციებს ქმნიან. ტერიტორიაზე აქა-იქ გვხვდება სუბალპური ტანბრეცილი არყნარებიც (Betula litwinowii). საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ ხემცენარეთა სახეობებიდან, წაბლის გარდა, გვხვდება უხრავი (Ostrya carpinifolia), ჯონჯოლი (Staphylea colchica), აღმოსავლური მუხა (Quercus macra№thera), შიშველი თელადუმა (Ulmus glabra).

ტიპური ტენიანი კოლხური ტყისათვის დამახასიათებელი მესამეული რელიქტური სახეობებიდან გვხვდება ბუჩქები – შქერი (Rhododendron ponticum), იელი (Rhododendron flavium), წყავი (Laurocerasus officinalis), ჭყორი (Ilex aquifolium), ასევე კოლხური სურო (Hedera colchica) და სხვა.

დაცული ტერიტორიების მდებარეობამ ირანულ-ანატოლიური ეკორეგიონების ზღვარზე, გამოიწვია მისი სამხრეთული სახეობებით სიმდიდრე, როგორიცაა: კავკასიური აკაკი (Celtis caucasica), ხუჭუჭა მაჩიტა (Campanula crispa), ცრუაღმოსავლური ყაყაჩო (Papaver pseudoorientalis) და სხვ.

ტურიზმი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 12 სალაშქრო მარკირებული ტურისტული მარშრუტია, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შესაძლებელია 1 დღიდან 5 დღემდე ლაშქრობის მოწყობა. სალაშქრო მარშრუტების გავლისას ღამისთევა შესაძლებელია სპეციალურად მოწყობილ ტურისტულ თავშესაფრებში ან სპეციალურად გამოყოფილ საკარვე ადგილებზე კარავში.

ეროვნული პარკის სალაშქრო მარშრუტებზე წასასვლელად საჭიროა რეგისტრაციის გავლა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრებში: ბორჯომში ან ხარაგაულში.